ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. რაფავა ხობში არჩევნების მეორე ტურის წინ დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
"სამწუხაროა სასამართლოს ის პოზიცია, რომ ლექსო რაფავა, ყოველგვარი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გარეშე პატიმრობაში დატოვა. მან გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს, ლექსო რაფავა გაანადგურებს ნივთმტკიცებულებებს. ახლა როგორ წარმოუდგენიათ, ნივთმტკიცება, რომელიც თავად პოლიციამ ჩაუდო ბინაში და მერე თითქოს ჩხრეკისას ამოიღო, პოლიციის დეპარტამენტში ინახება, როგორ უნდა გაანადგუროს",- ამბობს ადვოკატი, დათა ახალაია.
ცეცხლსასროლი იარაღის ჩადებაზე საუბრობს რაფავას ოჯახიც. მისი მეუღლის თქმით, ის პირადად შეესწრო, როგორ შეიტანეს სამართალდამცველებმა სახლში იარაღი.
ამასთან, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებისას პოლიციამ რაფავაზე ფიზიკურად იძალადა.
ხობის პოლიციის ყოფილ უფროსზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრებიც, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. საჯარო გახდა, რაფავას ჩვენებაც, რომელშიც ის ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები მას ივანიშვილის გინების გამო.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.
ავტორი: ემა გოგოხია