არაადამიანური მოპყრობა, ცემა და გინება ივანიშვილის შეურაცხყოფის გამო | ლექსო რაფავას ჩვენება და სკანდალური კადრები

გამოქვეყნდა:

სკანდალური კადრები და ჩვენება ლექსო რაფავას საქმიდან, რომლითაც მტკიცდება, რომ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი  თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური მოტივით დააკავეს.

ყოფილი პოლიციელი ჩვენებაში ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცავები მას ივანიშვილის გინების გამო, როგორ ჩაუდეს იარაღი და ყოფილმა კოლეგებმა როგორ გახადეს ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

სკანდალური ჩვენების ეს ნაწილი მტკიცდება ვიდეო კადრებითაც, რომელიც რაფავას დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული.

"მე ვარ იმ უსამართლო პოლიტიკის მსხვერპლი, რასაც ხელისუფლება ატარებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე თადარიგის ოფიცრების მიმართ. ავტომატური ცეცლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რაც 2011 წლის 21 ოქტომბერს ჩემი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს, მე არ შემიძენია და არც შემინახავს, ის თავად პოლიციამ შეიძინა მართლსაწინააღმდეგოდ ჩემი განეიტრალების მიზნით. ჩემი მეუღლისა და 13 წლის შვილის თანადასწრებით ჩამიდეს ბინაში.

მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე ქართულ სახელმწიფოს, მიბრძოლია მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელი განმტკიცებისთვის. ვიცავდი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და ვიბრძოდი დამნაშავეები წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო (მისი ხელისუფლება), რომლის კანონიერ ინტერებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვიცავდი, მომეპყრა როგორც დამნაშავეს დაკავების დროს, მომექცნენ არაადამიანურად და დამამცირებლად.

პირი, რომელიც ჩემი დაკავების ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდგომ გავიგე, ყოფილა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კალანდაძე. სწორედ ეს იყო ის პირი, რომელმაც ჩემი დაკავების დროს იძალადა ჩემზე. ფაქტობრივად შიშველი ჩამომიყვანეს მეხუთე სართულიდან და სპეცრაზმის პიკაპის მანქანაში ჩაგდების დროს სახის არეში გამარტყა ხელი და სისტემატიურად მაგინებდა იმის გამო, რომ ვაგინებდი ბიძინა ივანიშვილს და იმ პირებს, ვინც ბრძანება გასცა ჩემი ასეთი ბინძური მეთოდით დაკავების.

ჩემს მიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გაგრძელდა სენაკის პოლიციაშიც, სადაც ღირსების შემლახავი ფორმით შემიყვანეს სწორედაც თეიმურაზ კალანდაძის დავალებით", - წერს ჩვენებაში ლექსო რაფავა. 

ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე საუბრობს მისი მუღლეც. თეონა აბსავას თქმით, პირადად შეესწრო, როგორ შეიტანეს სამართალდამცველებმა სახლში იარაღი და როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს.

"დააჩოქეს ლექსო, ხელები გადაუგრიხეს, ზემოდან ფეხებით ედგნენ და ლექსო უყვიროდათ, რას მიკეთებთო. პოლიციის უფროსი ვიყავი კაცი და როგორ მექცევითო. თავიდან ჩხრეკისას ერთ-ერთმა მითხრა, პოლიციელია შენი მეუღლეო? მაიორია-მეთქი. შემდეგ მითხრეს, შენს მეუღლეს ადვომატი ჰქონია, არა-მეთქი, თქვენი შემოტანილია და თქვენ თვითონ დადეთ-მეთქი. პარკში ჰქონდათ ჩადებული, როგორც კი გააღეს კარადა, ეგრევე პირდაპირ გამოიტანა რაღაც ასაფეთქებელი, ხელყუმბარა და რაღაცები კიდე. ერთ-ერთმა შემოიტანა საძინებელში ავტომატი, მეორეს ჰქონდა ეს პარკი, რომელიც ჩადო კარადაში და შემდეგ გამოიტანა", - თქვა თეონა აბსავამ.

ლექსო რაფავას მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ლექსო რაფავა ხობში დააკავეს. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლი სენაკი, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი