კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, მედიის დარეგულირება აუცილებელია. ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში კახა ბექაურმა მედიის შეზღუდვის მექანიზმზე ისაუბრა.
ბექაური ფიქრობს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებულია და მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარება, გარკვეული რეგულაციებით იქნება შესაძლებელი.
"მედიასაშუალებები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, იწვევს სხვა მედიასაშუალებების, ასევე საწინააღმდეგო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას, ეს ამ ფორმით და ამ ხარისხით წლების წინ არ იყო.
ჩვენ მივედით აქამდე იმიტომ, რომ პრაქტიკულად ამ მექანიზმების არარსებობამ კანონმდებლობაში, რითაც საშუალება მიეცათ ტელევიზიებს, რომ ფაქტი დაემახინჯებინა, მოსაზრების აღრევა მოეხდინა ფაქტში და ეს არ დასჯილიყო, საწინააღმდეგო აზრი დაებლოკა და რეაქცია არ მომხდარიყო, ამან წარმოშვა სხვა მედიასაშუალებებში საწინააღმდეგო მოქმედების და მივედით აქამდე.
საბოლოო ჯამში, ამის გამოსავალი, რომ თქვენ მედიაშიც, სხვა მედიაშიც ყველა მხარემ იაროს, გამოსავალი ისაა, რომ უკან უნდა დავბრუნდეთ, ანუ უნდა შემოვიღოთ ის მექანიზმები, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ კონკრეტულ დღის წესრიგს კი არ მოემსახურება, არამედ ყველა მედია ამ მინიმალურ სტანდარტს მაინც დაიცავს",-თქვა კახა ბექაურმა.