"რიჟა" მილიონები | როგორ ითვისებს "ოცნება" ბიუჯეტიდან მილიონებს და რატომ ვერ შენდება ახალი სპორტის სასახლე

გამოქვეყნდა:

როგორ ითვისებს "ქართული ოცნება" მილიონებს ბიუჯეტიდან და როგორ ხარჯავს საკუთარი მიზნებისთვის? და როგორ იყენებს ამისთვის თითქოსდა სპორტისთვის გამოყოფილ დაფინანსებას - ამაზე ვილაპარაკებთ ახლა. 

ჩატარდება თუ არა საქართველოში ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში? - წესით, ამ კითხვას საერთოდ არ უნდა ვსვამდეთ; რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს, როდესაც ქვეყანას ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო მისია აქვს დაკისრებული. 

საქართველომ რუსეთსაც აჯობა, მეორე ადგილზე ჩამოიტოვა და მოიპოვა ჩემპიონატის ჩატარების უფლება.  მაგრამ, სამწუხაროდ, მისია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საჭირო ინფრასტრუქტურის არ-არსებობის გამო - თუ მიხვდებით, ვისი დამსახურებით? 

მე და თქვენ სპორტულ არენას ვერ ავაშენებთ. ჩვენ ვიხდით გადასახადებს და შემდეგ უკვე ხელისუფლების საქმეა ამ ფულით პროექტების განხორციელება. 

მაგრამ ხელისუფლებას იმდენი ენერგია და ფული სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ სპორტისთვის დიდად ნამდვილად არ სცხელა. სპორტსაც ისევ დიდი ფულის საკეთებლად იყენებენ. 

ჩემპიონატისთვის აუცილებელი არენის ასაშენებლად ასეულობით მილიონიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოკავშირე ბიზნესმენს, გიორგი კაპანაძეს, მეტსახელად რიჟას მისცა - თანაც პირდაპირ, კონკურსის გარეშე. 

წლები გავიდა, მაგრამ არენა ამ დრომდე დაუსრულებელია - მშენებლები ამას კოვიდ-პანდემიას აბრალებენ, მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ ეკონომიკური შეზღუდვები სამშენებლო კომპანიებს არ შეხებია, კომენდანტის საათიც კი არ ზღუდავდა მათ. 

და პირიქით - სწორედ პანდემიის გამო ჩემპიონატი გადაიდო და არენის ასაშენებლად მეტი დრო გამოჩნდა, მაგრამ ნაგებობა ამ დრომდე დაუსრულებელია. დაახლოებით, სამ თვეში ის მზად უნდა იყოს და თან მიფუჩეჩებით და ნაჩქარევად კი არა, არამედ უმაღლესი სტანდარტებით. 

თუ არა და საქართველო დაკარგავს ჩემპიონატის ჩატარების ნებართვას და, შესაძლოა, ჩვენ მეორე ადგილზე გასულმა რუსეთმა ჩაგვანაცვლოს. 

რატომ ვერ სრულდება არენა? - იმიტომ ხომ არა, რომ მის ასაშენებლად ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონის დიდ ნაწილს "რიჟა" სხვა რამეში ხარჯავს - მაგალითად, რუსთავი 2-ის დაფინანსებაში? ან ხელისუფლების სხვა ბნელი საქმეების დაფინანსებაში? 

იქნებ "ოცნება" სპორტს მხოლოდ ნიღბად იყენებს იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან თანხები მოიპაროს და "რიჟასნაირი" ბიზნესმენების დახმარებით საკუთარ საქმიანობას მოახმაროს? 

სპორტულ ფედერაციებსაც ხომ ამისთვის იყენებენ - შემთხვევით ხომ არ მომხდარა, რომ ცოტა ხნის წინ კალათბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს, თან ისე, რომ მას კონკურენტიც არ ჰყავდა - რატომღაც, ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ყველა ხმა მხოლოდ მან მიიღო. და სანიკიძეს რომ არც რცხვენია... 

აუშენებელი არენის გამო თუ ჩემპიონატის მასპინძლობაც ჩავაგდეთ, ალბათ, ხელისუფლებაში მაგისიც არავის შერცხვება. მთავარია, რომ ხელისუფლებაში არიან და რისი და რანაირი ქვეყნის ხელისუფალნი არიან, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი