ცენტრ "ემპათიას" დამფუძნებელი და ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა, რისთვისაც დიდი დოზით ანტიფსიქოზურ პრეპარატს იყენებდნენ.
მესამე პრეზიდენტს მედიკამენტს საძილე საშუალების სახელით აძლევდნენ, თუმცა რეალურად წამალი ადამიანის ნების კონტროლის დაქვეითებას იწვევს.
პრეპარატ "კეტილეპტი", რომელსაც მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ასმევდნენ არის ანტი-ფსიქოზური და ნეიროლეფტიური საშუალება. სწორედ ამ პრეპარატის დანიშვნაზეა საუბარი "ემპათიის" დასკვნაში ფარმაკოლოგიური წამებასთან დაკავშირებით.
პრეპარატი ინიშნება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა: ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, დიდი დეპრესია.
"ემპათიაში" ამბობენ, რომ ეს პრეპარატი იწვევს ადამიანის ნებითი კონტროლის დაქვეითებას და ასეთი პაციენტის გაკონტროლება ექიმებისთვის უფრო მარტივია.
"ეს პრეპარატი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო.ამ პრეპარატის დანიშვნა, შესაძლოა, ემსახურება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს დაენებებინა შიმშილობისთვის თავი, ან მომხდარიყო პოლიტიკური აქტივობის შემცირება",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობის არარსებობაზე საუბრობს კონსილიუმის წევრი ექიმი ლალი ჯავაშვილიც.
"მე, როგორც თვალ-ყურის მადევნებელმა ექიმმა ვერ დავინახე ვერცერთ ეტაპზე ის მიზეზი, რომლის გამოც საჭირო იყო ამ პრეპარატის გამოყენება. გაურკვეველია, ასევე, მისი დანიშვნა, როგორც საძილე საშუალება, ეს არ არის საძილე პრეპარატი",- აღნიშნავს ჯავაშვილი.
მესამე პრეზიდენტის საქმეზე და ფარმაკოლოგიურ წამებაზე" ცენტრი "ემპათია" 1 000 გვერდიან დასკვნას უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე: