სუს-ში გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო. რამდენიმე საათში აქ მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივი არასამთავრობოების წევრებს ელოდებიან, რომელთაც მოწმის სტატუსით დაკითხავენ.
გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
12 საათისთვის ვართ სუს-ში დაბარებული. როგორც ვიცი, საქმე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულ მოვლენებს შეეხება. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები პროვოკაციული და ერთგვარი ხაფანგი იყო, ხალხის ნაციონალურ გრძნობებზე და ემოციებზე სათამაშოდ. გამოიყვანეს ისე, თითქოს აქ ანტიქართველები ცხოვრობენ, რაც ასე არ არის, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარე ზუმრუდ გურბანოვი.
გურბანოვი აცხადებს, რომ საქართველოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას პირველი თავად და მისი ორგანიზაცია შეეწინააღმდეგებიან.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის მერს მიმართა და ქალაქის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა.