მარნეულში რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე დაწყებული საქმის ირგვლივ სუს-ში გამოკითხვები გრძელდება - საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები გამოიკითხებიან. ამ საქმეზე უკვე დაკითხულია მარნეულის მუსლიმთა სამმართველოს შეიხიც.
რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ყოფილი პარლამენტარისა და ამჟამარ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელის ზუმრუდ გურბანოვის დაკითხვის პროცესი. მისი თქმით, მას არც ამ საქმესთან და არც რასობრივი შუღლის გაღვივებასთან შეხება არ აქვს და უკვირს, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე.
როცა დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ნარიმან ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით მიბარებენ, ვფიქრობ, საუბარი მხოლოდ ამ საკითხზე შედგება. ეპიდემიის დროს საქართველო ძალიან დიდ პრობლემას აწყდება. მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების მიტაცება ხდება, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ აქ დაძაბულობის კერა შექმნან, - ამბობს ზუმრუდ გურბანოვი.
გურბანოვი ამბობს, რომ მარნეულში არიან ჯგუფები, რომლებიც ნამდვილად ავრცელებენ ეროვნულ შუღლს. მან დაასახელა ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდი "ალილო მარნეული", რომელზეც ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი და რასისტული გამონათქვამები ქვეყნდება. ასეთი ჯგუფების უკან, ყოფილი პარლამენტარის მტკიცებით, რუსული ინტერესები დგას.
ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ათ დღეზე მეტია დაწყებულია.