მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე სუს-ის შენობასთან გამოჩნდა - მან ჟურნალისტებს შეკითხვებზე, დაკითხეს თუ არა ლილუაშვილის უწყებაში და დაიბარებენ თუ არა გამოკითხავზე მარნეულის მერს, არ უპასუხა.
ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ იგი შვებულებაში იყო და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
დაკითხვების სერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება. სუსში ამჯერად, მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი არასამთავრობოების წევრებს დაიბარეს.
ორი თემა, რომელზეც კითხვები აქვთ, ნარიმანოვის ძეგლის და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის თემაა. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს გარკვეული ჯგუფები და პროვოკატორები ცდილობენ ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას ჩრდილი მიაყენონ. მე ახლავე ვაცხადებ, რომ ამ ჯგუფებს ძალა არ ეყოფათ ამ ორ ეთნოსს შორის შუღლი გააღვივონ. ბოლო დროს ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ადრე USAID-ის შენობაში, ძეგლთან დაკავშირებულ შეხვედრას ვარ დასწრებული, - აცხადებს დაკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გეირათის“ თავმჯდომარემ ზუმრუდ გურბანოვმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და დამატებით კომენტარებს ვერ გააკეთებს.
ამ მომენტისთვის უკვე დაკითხულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პედაგოგები, ასევე ადგილობრივი ჟურნალისტები. გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.