ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ პირი, რომელსაც ცივი იარაღით გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, არასრულწლოვანია.
17 წლის ბიჭი კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"გუშინ საღამოს შემოყვანილი იქნა 17 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია სამედიცინო დახმარება და შემდგომ მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება", - ამბობს ექიმი.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე, ნუცუბიძის მეოთხე და მეხუთე პლატოს შორის, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ნუცუბიძის პლატოზე ერთი ადამიანი დაჭრეს