ახალი კანონი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას ეხება დიდი დარტყმა იქნება ქართული სპორტისთვის.
სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასთან“ ერთად, ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
"სპორტისთვის იქნება დამღუპველი. ერთადერთი სტაბილური შემოსავალი მაქვს სპონსორისგან თუ ამ სპონსორს დავკარგავ, სავარაუდოდ, მომიწევს ან ქვეყნიდან წასვლა, ან სპორტისთვის თავის დანებება, იმიტომ, რომ 0-ზე დავრჩები. იმედია, ისეთ კანონს მიიღებენ, რომ სათამაშო ბიზნესს დარჩეს ინტერესი, რომ დაასპონსორონ სპორტი",- ამბობს შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი,ლევან საღინაძე.
მათი თქმით, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
"მოგეხსენებათ რამხელა ხარჯებთან ასოცირდება სპორტსმენის მომზადება და შედეგებზე გასვლა. ჩვენი მამოძრავებელი ძალა არიან ჩვენი სპონსორები. სამწუხარო იქნება, არა მარტო მე, არამედ თუ რომელიმე სპორტსმენი დაზარალდება ამ ყველაფრით",- აღნიშნავს ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის გამგეობის წევრი, გიორგი მამულაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს ქართულ სპორტში 20 მილიონზე მეტი ლარი ჩაიდო და წელს ეს თანხა უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ამ ტიპის დაფინანსების საშუალება მათ აღარ დაუტოვათ.