
2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს შევა. მმართველი პარტიის მტკიცებით, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც კორონავირუსსა და მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფას უკავშირდება.
ოპოზიცია ხელისუფლებას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცვლილებების პროექტს "ქართული ოცნება" მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და კორუფციულ სქემებს მოარგებს.
ხუთი მილიარდი ლარი ისესხეს ბიუჯეტისთვის საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტებისგან და რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ და მოსახლეობას პირდებიან, ფაქტიურად ხდება ამ ფულის განიავება. მინიმალური დახმარება პირდაპირი ჩვენს მოქალაქეებს და დანარჩენი განაწილება ათასი კორუფციული სქემებით, პროცენტის დაფინანსებას კი აპირებენ თავიანთი სამშენებლო კომპანიებისთვის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით პროგრამები, რომელიც მმართველმა გუნდმა გაწერა, ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბიუჯეტი არა მოსახლეობაზე, არამედ მათთან დაკავშირებული კომპანიების გამდიდრებაზეა ორიენტირებული.