"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხელისუფლება ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას რიგ შემთხვევებში მალავს. მისი თქმით, ირკვევა, რომ იმ მოქალაქეების გარდა, ვის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, ოკუპანტებს კიდევ სამი ადამიანი ჰყავთ გატაცებული.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ამ სამი პირის გატაცება 1 წლის წინ მოხდა და ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.
"ერთი წელია ეს ადამიანები იქ არიან და ვფიქრობ, საჭიროა გასაჯაროვდეს, რომ ამ ადამიანებისთვის დაიწყოს ბრძოლა, მოქმედება. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა მანკიერია. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად აქვს დახვეწილი ხელისუფლებას და ზუსტად იცის, როგორ უნდა გააჩუმოს ოჯახები. ოჯახებს აჩუმებენ სამწუხაროდ და ჩვენ შემდგომში უკვე წლის ბოლოს ვიღებთ რაღაც მშრალ სტატისტიკას, მშრალ რიცხვებს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამით საბოლოო ჯამში საოკუპაციო რეჟიმს უქმნის კომფორტულ გარემოს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა იმოქმედონ კომფორტის ზონაში, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, გაამზადონ გეგმები ბორდერიზაციასთან დაკავშირებით", - თქვა დავით ქაცარავამ.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა გუშინ სოფელ აძვის ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გაიტაცეს. სუს-ში ამბობენ, რომ ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის 7 მოქალაქეა მოთავსებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გატაცებულთა რაოდენობა 10-ს შეადგენს.