ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - მგზავრობის საფასურთან ერთად, დასუფთავების გადასახადიც ორმაგდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

ირკვევა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდასთან ერთად, ორმაგდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

მაგალითად, თუ სკოლა ერთ მოსწავლეზე თვეში 25 თეთრს იხდიდა, საკრებულოს მიერ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, 50 თეთრს გადაიხდის. 

კალაძის ინიციატივას სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ გადასახადების გაზრდა მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

"კახა კალაძემ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტეს, ბოლომდე ამოხადონ სული მოსახლეობას და გაძვირებული კომუნალური გადასახადების, მედიკამენტების, პროდუქტების, ტრანსპორტის გაძვირების შემდეგომ, გადაწყვიტა, რომ ყველა იურიდიულ პირს, აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს, რესტორნებს, საწარმო ობიექტებს, ყველა გაუორმაგოს დასუფთავების მოსაკრებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მათი პროდუქტი და მომსახურება გაძვირდება, ამ გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს კვლავ მოსახლეობას თავისი ჯიბიდან. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, "ქართული ოცნება" არის მოსწრებაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამოიღოს ამ ისედაც გაღატაკებული მოსახლეობისგან და თავიანთ მილიონებს და მილიარდებს, კიდევ დამატებით მილიონები და მილიარდები დაამატოს", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე ერთი მგზავრობისთვის 50 თეთრის გადახდა იყო საჭირო, 1 თებერვლიდან ეს თანხა 1 ლარად გაიზრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონიმენტების ფასები იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი