მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით შემცირდება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.
ამ მონაცემებით კი, საქართველო თითქმის ყველა მეზობელს ჩამორჩება. არადა, გიორგი გახარიას კაბინეტმა დღეს დილით პარლამენტისთვის გაგზავნილ ანტიკრიზისული ბიუჯეტის დოკუმენტში ეკონომიკის შემცირების სავარაუდო ნიშნულად მინუს 4% დაასახელა.
შეცვლილი ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტის მიხედვით, 27 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე იზრდება მთავრობის მიერ აღებული კრედიტების ოდენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 7400 ლარამდე კრედიტი აქვს გასასტუმრებელი.
7 მილიარდი ლარის ახალი სესხიც კი საკმარისი ვერ აღმოჩნდა და ბიუჯეტის შემოსავლებს მაინც აკლდება 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვარდნა 4%-ზე მეტი არ იქნება. მთავრობა კი ბევრს არაფერს იკლებს - მხოლოდ 57 მილიონი ლარი მოაკლდება ხელფასებსა და ბიუროკრატიას კიდევ 140 მილიონი.
ეკონომისტების შეფასებით, ცვლილებები რიგითი მოქალაქეების ნაცვლად, ისევ ხელისუფლების კომფორტს ემსახურება.
კორონა კრიზისისთვის საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა, რასაც ინვესტიციების კატასტროფული ვარდნაც ადასტურებს. გასულ წელთან შედარებით, ინვესტიციები 40%-ით დაეცა. არადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობამ მხოლოდ 22 მარტს ანუ კვარტლის მიწურულს გამოაცხადა.
პარლამენტმა 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში უნდა განიხილოს და კვირის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობამ, მინიმუმ, რამდენიმე თვით დააგვიანა და მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უბრალოდ შიმშილისთვის გაწირა.
იზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც, ჯამურად, 1.5 მილიარდი ლარით. მთავრობა კი, ქამრების შემოჭერის განცხადების მიუხედავად, მაინც არ აკონკრეტებს, ვის, რას მოაკლებს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
პარლამენტში შესული დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული კურსი დოლართან მიმართებით 2,97-ის ნიშნულზეა დათვლილი.
ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში StopCov ფონდში მობილიზებული 133 მილიონი ლარიც მოხვდა, საიდანაც ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ ინფორმაციით, 100 მილიონი მათ მიერ არის გადარიცხული. თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხარჯება ეს თანხა, ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში არ წერია.