
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 41%-ით ნაკლებია. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ.
ოპოზიციაში ამის მიზეზად, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გარდა, უცხოელი ინვესტორების ქართული სასამართლოსადმი უნდობლობასა და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ასახელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, უცხოური ინვესტიციები ჯერ კიდევ კორონა ეპიდემიამდე შემცირდა.
ინვესტიციების კლება დიდი ხანია შეიმჩნევა, ჯერ კიდევ შარშან მნიშვნელოვნად იკლო. სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, მანამდეც უკვე, წლის დასაწყისში, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა უცხოური ინვესტიციები და ეს გამოწვეულია ყველა იმ უბედურებით, რაც ამ რვა წლის განმავლობაში დაგვატყდა თავს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში, ვერცერთი ბიზნესმენი სამართალს ვერ იპოვის. უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო, ვერ გაუწევ ვერასდროს კონკურენციას ივანიშვილის ბიზნესს ან მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, - აცხადებს რომან გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ ინვესტიციების შემცირება უაზრო რეგულაციების შემოღებამაც გამოიწვია.
მთავარი ფაქტორი იყო, ერთი მხრივ, სასამართლო, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი უაზრო რეგულაცია, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“. ეს ყველაფერი მითუმეტეს ღრმავდება კორონა კრიზისის დროს, როდესაც ინვესტიციები საჭიროა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად და დასაძლევად, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.