ლარი ერთბაშად 10 თეთრით გაუფასურდა - 1 დოლარის კომერციული ფასი 3,10 ლარამდეა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ ლარი ერთბაშად 10 თეთრით გაუფასურდა - უმძიმესი  კრიზისის, კატასტროფულად შემცირებული ინევსტიციებისა  და ურთულესი პროგნოზების ფონზე საქართველოს ეკონომიკამ კიდევ ერთი დარტყმა  მიიღო.

ერთი დოლარი ამ დროისთვის 3.10 ლარამდე ღირს. კორონაკრიზისის გაღრმავების ფონზე ეს, შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების კიდევ ერთი ტალღის მხოლოდ დასაწყისი იყოს. 

ლარის გამყარება 1 ივნისს დაიწყო და ეროვნული ვალუტის ფასი 3-იან ნიშნულს ჩამოცდა.  

ეკონომიკის ექსპერტებს უჭირთ თქმა, რამ გამოიწვია ლარის უეცარი გაუფასურება. მათი თქმით, ფაქტორების მრავალფეროვნების ფონზე, პროგნოზიც ძნელი გასაკეთებელია. 

ზოგადად მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკა. რაც უფრო სწრაფად ამუშავდება ქვეყანა, რაც უფრო მალე გაიზრდება ექსპორტი, მით უფრო მყარი იქნება ლარის კურსი. სხვა შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებული ვართ საგარეო ვალზე, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.  

მისი თქმით, ჯერჯერობით ლარის სიმყარის საფუძველი მხოლოდ ვალუტის სახით შემოსული საგარეო ვალია და ეს სიტუაცია ექსპორტის მაჩვენებლების ზრდამდე არ შეიცვლება.

ვერ ვიტყვი, რომ ან ეს გამყარება ან ეს გაუფასურება რაიმე ტენდენცია არის, ჯერჯერობით ეს მხოლოდ რყევებია. და ვფიქრობ, რომ ეს რყევები აუცილებლად გაგრძელდება ორივე მხარეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსკენ საშუალოდ ამაზე დაბალ ნიშნულზე უნდა დაფიქსირდეს, ვიდრე დღეის მდგომარეობით გვაქვს, - ამბობს "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი

ამ მომენტისთვის სავალუტო ჯიხურებში დოლარის საშუალო ფასი 3,07 ლარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი