ყოფილმა სამხედროებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 24 დღის წინ გატაცებული თანამებრძოლის, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ ლილუაშვილის უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვდა.
ყოფილი სამხედროები ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ იქამდე, სანამ 40 წლის მამაკაცი თავისუფალი არ იქნება.