არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას სასამართლო პროცესი, შესაძლოა, გადაიდოს. დაკავებულის ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუმცა ლექსო რაფავა ქუთაისის სასამართლოში არ გადმოიყვანეს, სწორედ ამიტომ ადვოკატმა ბრალდებულის გარეშე პროცესის გადადება მოითხოვა.
დაკავებულის მხარდასაჭერად ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ლექსო რაფავა პოლიტიკური პატიმარია. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე საუბრობს რაფავას ოჯახიც. მათი თქმით, ლექსო რაფავას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაურთეს.
ამასთან, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებისას პოლიციამ რაფავაზე ფიზიკურად იძალადა.
ხობის პოლიციის ყოფილ უფროსზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრებიც, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. საჯარო გახდა, რაფავას ჩვენებაც, რომელშიც ის ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები მას ივანიშვილის გინების გამო.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.