პასუხი აზარაშვილს: ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებლები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც გუშინ, 16 იანვარს ადგილზე განვითარებულ მოვლენებს "უბედური შემთხვევა" უწოდა. დევნილები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მომხდარის ნამდვილი მიზეზი სხვა საკითხებით გადაფაროს და ამით პასუხისმგებლობას ირიდებს.

დევნილები "კანონით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულებას, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებასა და ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს" ითხოვენ.

მათ ცოტა ხნის წინ, საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გააკეთეს:

"ჯერ კიდევ დილით, როცა პრესკონფერენციას ვგეგმავდით გვქონდა ეჭვი, ტრაგედიის ნამდვილი მიზეზის სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით. ამ ქვეყანაში ადამიანს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა, სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით.

გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერების ავადმოხმარების, შესაძლოა სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ, ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის",- ამბობენ დევნილები.

ტრაგედია დევნილთა დასახლებაში გუშინ, 16 იანვარს დატრიალდა. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ქმედებით კი შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

მომხდარს დღეს, 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და მას "უბედური შემთხვევა" უწოდა.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი