"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება" | სარჯველაძე ომბუდსმენის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის მედიაციაზე ომბუდსმენის შეთავზებას გამოეხმაურა. მისი აზრით, საკითხზე მედიაცია საჭირო არ არის.

ამასთან დაკავშირებით სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი ვითარების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას ცდილობს. 

"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესის?...ღმერთმა ქნას მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას. აქ მთავარია შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა",- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, ვისი მისამართით ამბობდა ის ამას, სარჯველაძემ თქვა: "ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს".

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი სამინისტროსა და დევნილებს შორის. ლომჯარიას თქმით, მზადაა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში ჯანდაცვის სამინისტროსთან.

16 იანვარს, თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა  52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების თქმითმ, ამ ქმედებით ის შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

მომხდარს დღეს, 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და მას "უბედური შემთხვევა" უწოდა.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი