"ქრონიკა პლიუსის" მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე და ელისო კილაძის მიერ გასაჯაროებული ფიგურანტების პასუხი - ასლან ჩელდიევი, ერთ -ერთია საქმის იმ ფიგურანტებს შორის, ვინც ქრონიკა პლუსის რედაქტორის ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით, საქართველოში, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეკვეთილ მკვლელობას ამზადებდა.
ასლან ჩელდიევი "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც მისი სახელი და გვარი, მედიით, ამ მძიმე დანაშაულის მომზადებაში დასახელებულ პირთა სიაში აღმოაჩინა.
ჩელდიევი უარყოფს ყველა ინფორმაციას და ამბობს, რომ არც კადიროვს იცნობს. მისი თქმით, უკვე 9 წელია საქართველოში ცხოვრობს და იმ შემთხვევაში, თუ ქართული სპეცსამსახურები დაინტერესდებიან, მზადაა თავადვე მივიდეს:
"თუ გვარამია მისმენს, მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს და დანაშაული არ მიმიძღვის. ჩემი პასპორტის მონაცემები ალბათ აეროპორტიდან, ან გამშვები პუნქტიდან აიღეს, რადგან საქართველოს საზღვარზე არაერთხელ შემოვსულვარ. უკვე 9 წელია საქართველოში ვცხოვრობ, ჩეჩნეთში ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი. რუსულ სპეცსამსახურებთან გარკვეული პრობლემები მქონდა, თუმცა უმნიშვნელო, კარგად ვიცი როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები, დაგიჭერენ და შემდგ ჯიბეში ცხვირსახოცის ნაცვლად ხელყუმბარას, ან შაჰიდის ქამარს გიპოვიან" ამბობს ჩელდიევი.
ელისო კილაძე კი გასაჯაროებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ დაუბარებიათ საგამოძიებო უწყებებში და არ დაინტერესებულან ამ თემით.
ჟურნალისტი თავად აპირებს მივიდეს სახალხო დამცველთან და მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რაც აქვს.
რაც შეეხება ჩელიდევს, კილაძის თქმით, ის დასახელებული იყო როგორც ერთ-ერთი შუამავალი და არა როგორც ქილერი. კილაძეს მასთანაც აქვს შეკითხვები.
იხილეთ ასევე:
კადიროვის ქილერები საქართველოში | ქართული უსაფრთხოება, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს