ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას - აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა.
დეგნანისთვის გაურკვეველია, თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს უწყების გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება.
"როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება", - განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩმა ყურადღება გაამახვილა ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებზე და მათ მნიშვნელობაზე ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებაში.
"მას სამსახურისთვის დიდი გამოცდილება მოაქვს. სულ მცირე, ის პასუხისმგებელი იყო ერთ-ერთ ახალ უწყებაზე. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა ასეთი გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ასე კარგად ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებდნენ. ისინი გაათავისუფლეს დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის და მკაფიოდ წარმოდგენილი პროცესის გარეშე", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებას სთხოვდა.
პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსი გუშინ გამოცხადდა.