პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე/მესამე მოსმენით უყარა კენჭი და დაამტკიცა.
უწყების გაუქმებას მხარი 81-მე დეპუტატმა დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგი იყო.
ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.
ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო პარტნიორებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას შემაშფოთებელი უწოდეს და თქვეს, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მიზეზი უწყების მხრიდან გამოქვეყნებული არაერთი კრიტიკული დასკვნაა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელისთვის. ლონდა თოლორაიამ თქვა, რომ "ეს არის შტურმი და შურისძიება სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა". მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ კანონს ვეტოს დაადებს.