პროტესტი გრძელდება - უკვე მესამე დღეა, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია.
ისინი ამბობენ, რომ მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ხელფასებისა მატებასა და შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ შეასრულებს, გაფიცვას და საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.
მომდევნო აქციას სოც. აგენტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20 იანვარს გამართავენ. მათ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.
"ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოთხოვნები, რაც შეუსრულებელია. ვითხოვთ, რომ გათანაბრდეს ჩვენი ხელფასები ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სსიპ-ების თანამშრომლებთან მიმართებაში. ხუთშაბათს იგეგმება უკვე გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი აქცია, შემოგვიერთდებიან რეგიონებიდანაც", - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრის სპეციალისტმა, ნატა გაბიტაშვილმა.
სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით ომსარაშვილის თქმით, გაფიცულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
"ადამიანების რიცხვი, ვინც იფიცება, იზრდება, დღითიდღე ვძლიერდებით. ვინაიდან ამ დრომდე არ გვხვდება არავინ, უკვე ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას. ვისაც გული შესტკივა, ვინც ფიქრობს რომ ეს პრობლემაა, ვინც არის ჩაგრული დასაქმებული საქართველოში, უნდა შემოგვიერთდნენ. ეს არ არის მარტო სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულების პრობლემა", - თქვა დავით ომსარაშვილმა.
შეგახსენებთ, სოციალური აგენტების პროტესტს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილი 17 იანვარს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ფუნქციებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, აგენტების ხელფასები "ადეკვატურია".