ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტების ხელფასი მათი ფუნქციებისა და დატვირთულობის გათვალისწინებით, "ადეკვატურია".
როგორც მინისტრმა აგენტების გაფიცვაზე საუბრისას აღნიშნა, გასულ კვირაში საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს და ზოგ შემთხვევაში ხელფასები 60%-ით გაიზარდა.
მისივე თქმით, სოც. აგენტებს შეუძლიათ, გამომუშავებით ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ.
"სოციალურ აგენტებს რაც შეეხება, მათი ხელფასის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის. ამის გარდა, მათ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ისიც ყოველ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ. ჯამურად, შეუძლიათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი დღეს სამსახურში აღარ გამოცხადნენ და პროტესტის ნიშნად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. გაფიცულები ამბობენ, რომ 4-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უკიდურეს ზომას მიმართონ.