რაგბის კავშირში საკადრო წმენდა დაიწყო - მორაგბეები წულუკიანს რეპრესიებში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

მორაგბეები თეა წულუკიანის წინააღმდეგ - ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, კულტურისა და სპორტის მინისტრს რეპრესიების დაწყებაში უკვე სპორტსმენებიც ადანაშაულებენ.

მიზეზი რაგბის კავშირში დაწყებული საკადრო წმენდა და შემცირებაა, რომელიც იმ თანამშრომლებს შეეხოთ, ვინც რაგბის კავშირში ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებდა.

რაგბის კავშირისთვის საამაყო ერთ-ერთი მაღალი მიღწევების დეპარტამენტი სრულიად გაუქმდა. თუმცა გაუქმების მიზეზებზე თანამშრომლებს ახსნა-განმარტება არ მიუღიათ. შედეგად, გათავისუფლდა არაერთი მწვრთნელი და ვეტერანი მორაგბე, რომელთაც ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს უთხრეს, რომ დიდი შემცირება კულტურის მინისტრმა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ ფედერაციას კუთვნილ დაფინანსებას არ ჩაურიცხავდა. საკადრო წმენდა შეეხოთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს უჭერდნენ მხარს. 

"მიმდინარეობს წმენდა და რეპრესიები. ვინც არ იყო ამათთან, თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ არიან და ათავისუფლებენ მასობრივად ხალხს. ჩვენი დე-ფაქტო პრეზიდენტი, შარლატანი, მატყუარა პრეზიდენტი, მასთან მქონდა შეხვედრა, როდესაც ის დაინიშნა. მან თქვა, რომ წულუკიანი მას ავალდებულებდა, რომ გაეკეთებინა წმენდა, თუ არადა არ ჩაურიცხავდა კუთვნილ დაფინანსებას [..] მივწერე წულუკიანს ოფიციალური წერილი, რომ სოსო ტყემალაძემ ასეთი რაღაც თქვა და არანაირი პასუხი არ მიმიღია", - თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, სიმონ მაისურაძემ. 

ყოფილი მორაგბეები და რაგბის კავშირის თანამშრომლები ღიად ამბობენ, რომ რაგბის კავშირში რეპრესიები იმავე მეთოდით ხორციელდება, როგორითაც ეს კულტურის სფეროში ხდება.

"ყველაფერი ემსახურება იმის, რომ კიდევ ერთი ფაზლი დაემატოს საბჭოთა კავშირის რუკას, ისეთი ავტორიტარიზმი მოდის. დიქტატურა, რეპრესიები, არანაირი განმარტება, უხეში ჩარევა და უბრალოდ არა! ესაა პასუხი", - ამბობს რაგბის აკადემიის ყოფილი მწვრთნელი, გიორგი ზაბახიძე. 

ყოფილი მორაგბეები აღნიშნავენ, რომ დავა სამართლებრივ სივრცეში გაგრძელდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი