გაფიცულ სოციალურ აგენტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხვალ შეხვდება. განცხადება ამასტან დაკავშირებით, თამარ ბარკალაიამ თავად გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ დასაქმებულების უფლებები უწყებისთვის პრიორიტეტულია და არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, პირობების გაუმჯობესებისთვის
„სამინისტროს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.
ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები უკვე მოემატათ.
ეს არის გაუმჯობესებული პირობებისაკენ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პირობები და ჩვენი სერვისები უფრო მეტად დაიხვეწოს.
შევთანხმდით, რომ ხვალ 12:00 საათზე შევიკრიბებით საინიციატივო ჯგუფთან ერთად და თანამშრომლობის და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრეთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ.“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, სოც.აგენტები უკვე 4 დღეა აქციებს მართავენ. ჯანდაცვიდან დღეს მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.