"არა ძალადობას" - ამ ლოზუნგით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და ხელისუფლებას მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებენ.
პოლიციის მხრიდან შშმ პირებზე ძალადობის გამო დღის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 15:00 საათზე აქცია, სახელწოდებით "არა მილიციას" გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
19:00 საათზე კი "მწვანეები" აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ.
არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო "ისნის" მეტროსადგურშია გადაღებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.