გუშინ, მედიით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდა ყრუ-მუნჯ პირზე ძალადობს რამდენიმე აქცია დაიგეგმა.
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე "არა მილიციას" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ შინაარსის აქცია გაიმართება.
"ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება",- წერენ აქციის ორგანიზატორები.
კიდევ ერთი აქცია კანცელარიასთან 19:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორი "მწვანეები" არიან, მათი მთავარი მოთხოვნა მომხდარზე დამნაშავეების დასჯა და სისტემური ცვლილებებია. "მწვანეები" ითხოვენ პასუხისმგებლობა შს მინისტრმა აიღოს და უწყებაში სისტემური ცვლილებები დაიწყოს.
"ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის და მათ შორის მკვლელობის. ამ სისტემამ მოკლა ლუკა სირაძე, ამ სისტემამ მოკლა დემურ სტურუა, ამ სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი, და კიდევ მრავალი.
წარმოუდგენელია ამ დონის ყოველდღიური ძალადობის ფონზე ცხოვრების გაგრძელება. პოლიცია და პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამის საწინააღმდეგოა – პოლიცია თავადაა საფრთხე",- ნათქვამია მათ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
მომხდარზე გუშინვე გაავრცელა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში თქვეს, რომ გმობენ მომხდარს. მათივე ცნობით, მასალები უკვე გადაუგზავნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება პოლიციელის მხრიდან, ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.