გორის მერია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლადო ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში მუშაობს და სიცრუეს უწოდებს.
განცხადებაში მუნიციპალიტეტი წერს, რომ გორის მერს არასდროს უმუშავია ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში.
"გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა." ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ გორის მოჭიდავე მერი აშშ-ში მუშაობს. "მთავარმა" დღეს ინფორმაციის გადამოწმება თავად მერთან სცადა, თუმცა ის შეკითხვებს გაექცა.