თბილისის ყოფილი მერი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია უარყოფს ინფორმაციას, რომ 2019 წელს საბადურის ტყეში არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი მისი მეუღლის, თინა თინიკაშვილის კომპანიას გადაეცა.
ნარმანიას მტკიცებით, მისი ცოლი შპს "საბადური ვილაჯე"-ს არა მფლობელი, არამედ დანიშნული დირექტორია.
"სისულელე დაწერეს, სისულელეა და შეგიძლიათ თქვათ. ჩემი მეუღლე მაგ კომპანიაში მუშაობს, როგორც დანიშნული დირექტორი, მეტი სხვა არაფერი. შესაბამისად, ეგ შეგიძლიათ თქვათ და სხვა დანარჩენი, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სისულელე", - თქვა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, საბადურის ტყეში არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი დავით ნარმანიას მეუღლის, თინა თინიკაშვილის კომპანიას 2019 წელს გადაეცა. სანაცვლოდ კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა შეესრულებინა, კერძოდ კი 4 მილიონი ლარის ტურისტული ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები რომ ამ დრომდე არ შესრულებულა, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ იურიდიულ მისამართზე, სადაც თინა თინიკაშვილის კომპანიაა დარეგისტრირებული, საცხოვრებელი ბინაა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ არც დავით ნარმანიას იცნობს და არც მის მეუღლეს.