საქართველოს ეროვნული მუზეუმი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.
ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი 5", - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგულ ექსპონატებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება.
ოფიციალურ დოკუმენტებით, კი დგინდება, რომ ნახატები, რომლებზეც წულუკიანი საუბრობს არსად დაკარგულა. დოკუმენტების მიხედვით, გიგო გაბაშვილის ნახატი 1989 წელს მინისტრთა საბჭოს გადაეცა, ხოლო ელენე ახვლედიანის ნახატი 2000 წელს, ზუგდიდის მუზეუმს.