გლდანში გარდაცვლილი ოჯახის ახლობლები მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 32 წლის კაცი სამეგრელოდან ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა და მშენებლობაზე მუშაობდა.
მათი ცნობით, მაშველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ოჯახის წევრებმა 2 დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
"საშუალება არ იყო არაფერი აქ და წავიდა სამუშაოდ. მუშაობდა, საღამოს წასულა სახლში და ორი დღის შემდეგ გაუგიათ, ტელეფონი რო მარ აიღეს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ახლობლების ინფორმაციით, ტრაგედია სავარაუდოდ, გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია.
"დაუდევრობა. ჩაეძინათ, კარმა თუ რაღაც ჰქონიათ ჩართული, ჟანგბადისგან დაიცალა ბინა და გაიგუდნენ. მაშველები რომ შესულან, უნახავთ, რომ ისევ დანთებული ყოფილა ეს ღუმელი", - ამბობს ახლობელი.
როგორც ცნობილია, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ოჯახი ქირით ცხოვრობდა. ბინის მეპატრონე მათთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ამის შემდგომ ის გუშინ საჩხერიდან თბილისში ჩამოვიდა, რათა ხელშეკრულება გაეფორმებინა, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და მათი თანხის ნაწილს გამგეობა იხდიდა. მეპატრონეს კარი არავინ გაუღო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს.
ტრაგიკული შემთხვევის ზუსტ მიზეზებს გამოძიება არკვევს. წინასწარი ინფორმაციით, 1 ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. დაღუპულთა შორის დედა-მამა და 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
ამავე თემაზე: