დეპუტატების კითხვებს ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი, კოკა კაციტაძე პასუხობს.
პროკურორი კაციტაძე ცნობილია, როგორც "ქართული ოცნების" ფავორიტი კანდიდატი. ოპოზიცია კი მას ნდობას არ უცხადებს.
"ნამდვილად ვერ ჩავთვლი თქვენს კანდიდატურას დამოუკიდებელ კანდიდატურად. როგორ აფასებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას? თავიდანვე არ განასახიერებთ დამოუკიდებელ ფიგურას. რა გარანტიები შეგიძლიათ მისცეთ საზოგადოებას",- მიმართა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ კაციტაძეს.
კითხვის პასუხად კაციტაძე ამბობს, რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს.
"არჩევის შემთხვევაში გავაკეთებ ყველაფერს, როგორც უფროსი იმ საკანონდებლო ბერკეტებიდან გამომდინარე, რაც ამ სამსახურს გააჩნია, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დავიცვა ჩემი თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან. რომელიმე საქმეზე თუ მქონია პოლიტიკური მოტივი? - ასეთი რამე არ ყოფილა",- ამბობს კაციტაძე.
ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ორი სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "ქართულმა ოცნებამ" გააუქმა.
დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ინაცვლებს, თუმცა სარჩელის განხილვა ჯერ არ დაწყებულა და "ოცნება" გეგმავს ახალი სამსახურების ხელმძღვანელები ისე დანიშნოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდოს.
ამავე თემაზე: