სოფელ ქსუისისა და მერეთის გასაყართან ოკუპანტებმა სამშენებლო მასალა მიიტანეს

გამოქვეყნდა:

სოფელ ქსუისისა და მერეთის გასაყართან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამშენებლო მასალა მიიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ისინი უკანონო ინსტალაციებს ააშენებენ. 

ოკუპანტები სოფლებში გუშინ გამოჩნდნენ და როგორ ადგილობრივები ყვებიან, ტერიტორიაზე დამატებითი ძელები აღმართეს.

"როდესაც საზღვარზე გამოდიან და დადიან მესაზღვრეები დასათვალიერებლად ორნი არიან ხოლმე და იქ უფრო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. იქ მუდმივად რაღაცებს აკეთებენ, გუშინაც წაიღეს ეს მავთულხლართი", - ამბობს ადგილობრივი, თამარ ლაფაჩი.  

მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.

"ტყეები იყო, მონადირე კაცი ვარ, მიყვარდა ბუნება, ვნადირობდი, ახლა ვეღარ. მთავრობა არაფერში გვეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღეს საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ. ისინი "ქართულ ოცნებას" მოღალატეობრივ პოლიტიკაში ადანაშაულებენ. 

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. 

ცნობისთვის, სოფელ მერეთში, სადაც უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს საოკუპაციო ძალების მორიგ მსხვერპლს, გენადი ბესტაევს გლოვობენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი