ევროსაბჭოს რეზოლუცია, როგორც სილის გარტყმა ხელისუფლებისთვის - ოპოზიცია "ოცნებისგან" დათმობაზე წასვლას ელის

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს მთავრობას პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ. ევროსაბჭოს დეპუტატებმა მმართველი გუნდის არცერთი შესწორება არ გაითვალისწინეს.

ევროსაბჭოს წარმომადგენლები რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ მიიღონ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა პარტიის ნდობას დაიმსახურებს.

სტრასბურგი საქართველოს ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და ახსენებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი იქნება.  

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს მიღებული რეზოლუციის შემდეგ პოლიტიკურ ჩიხში მოექცა, რადგან სტრასბურგში დამტკიცებული დოკუმენტი და აქ შესული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

დოკუმენტში სიტყვა პროპორციული ნახსენები არ არის, თუმცა ოპოზიცია ასეთ პირდაპირ მითითებას არც ელოდებოდა. მათი შეფასებით, ევროსაბჭოს დეპუტატებმა ღიად დაავალეს ხელისუფლებას, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგიდან ამ რეზოლუციით კიდევ ერთი სილა მიიღო. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოუწევს. 

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებიც გაახსენეს, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია.

ევროსაბჭოს რეზოლუცია მმართველ პარტიას სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების გამოც აკრიტიკებს. ევროპელი დეპუტატების მწვავე შეფასების მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები გახდა. აქედან გამომდინარე, ევროსაბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, სასამართლო სისტემის სრულად დაკომპლექტებამდე, პარტნიორების რჩევები გაითვალისწინოს და უკვე დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი