უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვერ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა ფიქრობს, რომ რუსეთის დამარცხების ალბათობა საკმაოდ დიდია.
ამავე დროს, ბლინკენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს, მაგრამ რუსეთს სამხედროს გარდა ეკონომიკური ზიანიც მიადგება და პუტინის ქმედებები რუსეთისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტანი იქნება.
"მსოფლიო მოსკოვის წინააღმდეგ გაერთიანდა. გაეროს წევრმა 141-მა ქვეყანამ მისცა ხმა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის აგრესია დაიგმო. საერთაშორისო კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობამ გაწყვიტა კავშირი ამ ქვეყანასთან, რის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაში და ათიათასობით რუსი გამოდის საკუთარი მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ქვეყანას ტოვებს. თუ ეს იყო პუტინის მიზანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ამას მიაღწია", - თქვა ბლინკენმა.