"კანადა განიხილავს გზებს, რომლითაც საუკეთესოდ შეუძლია უკრაინის დახმარება, ყველაფერი მაგიდაზეა" | ჯასტინ ტრუდო

გამოქვეყნდა:

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა თავიდანვე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, რომელმაც გაწვრთნა 40000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. ამის შესახებ მან ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა კანადას სამშვიდობო კონტინგენტისთვის ჯარების შეთავაზება, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა ყველა გზას განიხილავს.

"კანადა განიხილავს გზებს, რომლითაც საუკეთესოდ შეუძლია უკრაინის დახმარება  და როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაფერი მაგიდაზეა… ჩვენ არ ვაპირებთ წინ გავუსწროთ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ჯერ არ არის დამყარებული, მაგრამ კანადა იქნება იქ და მზადაა გააკეთოს ის, რაც აუცილებელია." - განაცხადა ტრუდომ.

კანადის პრემიერმა უკრაინას და ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა.

"2014 წელს, რუსეთმა აირჩია უკრაინაში შეჭრა, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის ოკუპაცია. ამისათვის ისინი გააძევეს G7-დან. 2022 წელს მათ ცეცხლის შეწყვეტის არსებული შეთანხმება დაარღვიეს და შეიჭრნენ უკრაინაში იმ მიზნით, რომ სამ დღეში კიევი აეღოთ, სამ კვირაში კი მთელი ქვეყანა. ეს ჩაიშალა.

რუსეთი უკრაინაში მეტი მიწის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს. ამ ომის დასასრულს ხვალვე დავინახავთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, შეაჩეროს უკრაინაში უკანონო შეჭრა.

პარასკევს, ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მატყუარა და კრიმინალია და არ შეიძლება მისი სიტყვის დაჯერება არანაირი ფორმით, რადგან მან არაერთხელ აჩვენა, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაარღვევს.

მე ვდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის გვერდით" - განაცხადა ტრუდომ.

ტრუდომ ასევე არ გამორიცხა, რომ კანადა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის, რომელიც ამჟამად ნატოს სამიზნე 2%-ს ქვემოთაა (1.37%)

”ახლა აუცილებელია ქვეყნებმა მნიშვნელოვნად მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და კანადა არ არის გამონაკლისი,” - აღნიშნა ტრუდომ.

ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს შეხვდება მეფე ჩარლზს და განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ კანადელებისთვის ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი, როგორც ერის დამოუკიდებლობის დაცვა“ - განაცხადა კანადის პრემიერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი