სიცოცხლისთვის საშიში ჰესი - იმერეთში ნამახვანის 105 მეტრი სიმაღლის გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, კაშხლის აშენების შემთხვევაში 1.000 ჰექტარი ტერიტორია, რომელშიც მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და წინაპრების საფლავებიც მოხვდება, წყლით დაიტბორება. აღნიშნული ტერიტორია სეისმურად სახიფათოა, რის გამოც ჰესის აშენებისა და შემდეგ ჯებირის დაზიანების შემთხვევაში ოცამდე მუნიციპალიტეტი დაიტბორება.
კატასტროფის შემთხვევაში წყლის ჭავლი შეეხება იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს, ასევე რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელოს და გურიის მუნიციპალიტეტების ნაწილს. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წყალს გადაურჩება, მიკროკლიმატი შეიცვლება.
ეს არის დასავლეთ საქართველოსთვის დამანგრეველი და ყველაზე მეტად მავნებელი. აქ გარდა ჰესისა რაღაც ისეთი საიდუმლოება არის მთებში, ეს ტერიტორია სოფელ ზარათს ეკუთვნის, ალბათ რაღაც დიდი ინტერესი დევს ჰესის გარდა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.
დღეს ნამახვანის ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდა და ხელისუფლებას ამ ჰესის მშენებლობის სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.
საშინელი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს მთლიანად დასავლეთ საქართველო. ჩვენ არ ვართ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგები. პირიქით, გვინდა, რომ ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობა გვქონდეს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ შესაბამისი სეისმური და ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე დაიწყოს მშენებლობა და შეირჩეს ისეთი ადგილი, რომელზეც სეისმოლოგებიც და ეკოლოგებიც იძახიან რომ უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს იმერეთისთვის, - აცხადებს ვაშაძე.
23 ივნისისთვის ქუთაისში ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხმაურიანი აქცია იგეგმება.