ხელისუფლება კორონა პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯებით თავს იწონებს და ხალხისთვის დაწესებულ საბანკო შეღავათებზე საუბრობს, თუმცა ირკვევა, რომ ამ შეღავათით ყველამ ვერ ისარგებლა და უფრო მეტიც, ზოგიერთი მოქალაქე უკიდურესად მძიმე მდგონარეობაში აღმოჩნდა.
ისინი, ვინც პანდემიის გამო სამსახურების და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ხელისუფლებისაგან დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. მათ მთავარ პრობლემას სწორედ ბანკის სესხები წარმოადგენს, რომელის გადავადებასაც ფინანსური ორგანიზაციები არ ახდენენ.
ირკვევა, რომ ბანკების გარკვეულმა ნაწილმა კორონა პანდემიის მიუხედავად, მომხმარებლებს სესხები სამი თვით არ გადაუვადა და ამ ხნის განმავლობაში დამატებითი გადასახადებიც დაარიცხა. პრობლემის წინაშე, მაგალითად, ხაშურში არაერთი ოჯახი აღმოჩნდა, მათი ნაწილი დავალიანების დაფარვას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ადამიანები ამბობენ, რომ მათ ოჯახებზე ზეწოლა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა.
საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც მოქალაქეებს სესხების სამი თვით გადავადებაზე უარი უთხრა, ერთერთი "ფინკა ბანკია", რომლის სერვისცენტრში მიზეზებზე არ საუბრობენ.
დღეისთვის "ფინკა ბანკში" 47% ჩვენი პორტფელის გადავადებულია, ვისაც ნამდვილად ჭირდებოდა გადავადება და ვისი მდგომარეობაც და გადახდისუნარიანობაც შეესაბამებოდა კრიტერიუმებს, რაც გვაქვს ბანკში დაწესებული, იმათ ვთავაზობთ და კარგი იქნება, თუ მოგვმართავენ და თავიდან განვიხილავთ, - ამბობს "ფინკა ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.