კორპუსში უკვე პირველი ბინადრები არიან შესახლებულნი. მათ შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ "მონოლით სითის" მშენებლობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
2017 წლის 16 მარტს მშენებლობაზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. სამშენებლო კალათზე სამი ადამიანი იდგა. თავად კალათი ორი მხრიდან ლითონის ბაგირით იყო ჩამოკიდებული. დღის 12 საათისთვის ერთი ბაგირი გაწყდა. სამივე ადამიანი მე-11 სართულიდან ჩამოვარდა. შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა, 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ვეფხია ხუჭუას ოპერაცია უტარდებოდა, როცა შემთხვევის შესახებ მისმა მეუღლემ შეიტყო.
ცალი თირკმელი ამოუღეს, არტერია გაგლეჯილი ჰქონდა. ყველა შინაგანი ორგანო დაზიანებული ჰქონდა. შვიდი დღე იცოცხლა, - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ნინო მჭედლიძე.
ნინო და ვეფხია ბინას თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე დევნილების საერთო საცხოვრებელში ქირაობდნენ. დაქვრივებულმა ნინომ ქირა ვეღარ გადაიხადა. ის თავის პატარა ბიჭთან ერთად, მამიდამ შეიფარა, რომელიც ოჯახთან ერთად ასევე ქირით, იმავე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.
ილიას მამა სამტრედიაში, მშობლიურ სოფელ მელაურში დაკრძალეს. დასაფლავების ხარჯები, 10 000 ლარი დამქირავებელმა გაიღო. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, უბედური შემთხვევა შაბათ დღეს მოხდა, ორშაბათს კი ვეფხიას ხელფასი უნდა აეღო, ასე რომ, იმ 10 000 ლარში მისი ხელფასიც იყო.
დამსაქმებელს, კომპანია „ემ ჯი ალიანსის“ წარმოადგენლებს, ნინომ და მისმა თანმხლებმა პირებმა პირველ შეხვედრაზე აუხსნეს, რომ ქირით ცხოვრობდნენ და პატარა ბავშვი დარჩათ. ნინოს თქმით, მათ კომპანიის წარმომადგენლებს ერთი პატარა კუთხის დათმობა სთხოვეს.
ამ საუბრის შემდეგ ნინო მჭედლიძე, რომელიც დაობლებული შვილისთვის ერთ პატარა კუთხეს ითხოვდა, კიდევ ერთხელ შეხვდა კომპანიის წარმომადგენელს. ამჯერად დირექტორს, ზაზა იჩქიტიძეს, რომელიც 82-დან 243 ათას ლარამდე ღირებულების ბინებს ყიდის. დირექტორი შეხვედრაზე ვეფხიასთან გაფორმებული კონტრაქტით გამოცხადდა.
ჩემი ვალდებულება რაც იყო, იმას ხომ ვასრულეობდიო? ხელფასი როდისმე უგვიანდებოდაო? მართლა არ უგვიანდებოდა არასოდეს. შენ შვილს რაც შეეხება, ფოჩიანი კანფეტები იქნება თუ რაც იქნება, იმით დავეხმარები ჯიგრულად, რისი საშუალებაც მექნებაო, - გვიამბობს ნინო მჭედლიძე.
დირექტორმა მოახლოებული ორმოცის ხარჯების დაფარვა შესთავაზა. ნინომ უარი უთხრა. როცა გაირკვა, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა და ადვოკატი აიყვანა, დამქირავებელმა კიდევ 15 000 ლარი შესთავაზა. ნინომ ამაზეც უარი უთხრა.
დაღუპულის მეუღლემ დამცირებულად თავი პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც მშენებლობის დამკვეთმა "მონოლითი ჯგუფის" ხელმძღვანელმა უტიფრობა გამოიჩინა და მომხდარში მკვდრები დაადანაშაულა. ეს დამქირავებელმა პირველივე დღეს გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პირველივე დღეს დადგინდა. კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმეს. ტექნიკურ ექსპერტიზას მთელი წელი ელოდნენ. დასკვნამ ყველა ეჭვი დაადასტურა.
მეორადი სამშენებლო კალათი ახლაც იმ სამშენებლო მოედანზეა. ასეთი მოძრავი ხარაჩოები რეგლამენტის მიხედვით შენობაზე სპეციალისტმა უნდა დაამაგროს. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამის გაკეთება მუშებს მოუწიათ. სამშენებლო კომპანია გარდაცვლილებს აბრალებდა იმასაც, რომ მათ უსაფრთხოების ქამრები არ ეკეთათ.
დაზარალებულის უფლებადამცველები სათვალთვალო ჩანაწერების ამოღებასაც ითხოვდნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა სამშენებლო კალათში მესამე ადამიანი, ის ობიექტზე გაფორმებული არ იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მას იქ მუშაობის დაწყება სურდა. კომპანიამ კი დაუშვა, რომ სრულიად მოუმზადებელი და დაუცველი ადამიანისთვის მისი სამომავლო მოვალეობები სხვა ხელოსნებს პირდაპირ მაღალი რისკის მქონე სამუშაოზე, მე-11 სართულის სიმაღლეზე განემარტათ. კამერების ჩანაწერი საგამოძიებო მასალებში არ დევს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 თვე გავიდა, გამოძიებას პასუხისმგებელი პირი არ დაუსახელებია. კვლავ უცნობია, ვისი ბრალია სამი ადამიანის სიკვდილი
ამ უსამართლობას ვეფხია ხუჭუას მეუღლე მარტო ებრძვის. მშენებლობაზე დაღუპული ორი სხვა ადამიანის ოჯახები დავას აღარ აგრძელებენ. სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა ასე მთავრდება ხოლმე.
ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურად მოწყვლად ფენასთან, რომელიც დამოკიდებულია დღიურ სამუშაოზე მშენებლობაზე. მინიმალური ანაზღაურება აქვთ. კარგი სამართლებრივი მხარდაჭერა, ადვოკატის ქირაობა, სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოში დროში გაწელილი პროცესები, ექსპერტიზის ხარჯი, ეს ყველაფერი არ შეუძლიათ. ჩვენ ამდენი ხანია გავდივართ ამ გზას და სასამართლომდე ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ და რა თქმა უნდა ოჯახი, რომელსაც მძიმე სოციალური საჭიროებები აქვს, ასე მარტივად ვერ გაივლის ამ გზას, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ლელა გვიშიანი.
ერთი, რის გამოც ნინოს სხვა მის მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებივით დანებება არ შეუძლია, არის ახალი და ახალი ცნობები უბედური შემთხვევების შესახებ. ერთდღიანი შფოთი დღიური მუშების დაღუპვის შესახებ.
რატომ არ მიდის ასეთი საქმეები სასამართლომდე, რატომ გასდის დამქირავებელს თითქმის ყოველთვის ჭირისუფლის ჯიბეში ცოტა ფულის ჩაკუჭვა?! შესაძლოა, დაზარალებულებმა არც კი იციან, რა ეკუთვნით სინამდვილეში. ნინოს შემთხვევაში ეს იქნება სარჩო: თანხა, რომელსაც ოჯახის მარჩენალი მიიღებდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. ანუ 2000 ლარი 15 წლის განმავლობაში. პატიმრობის გარდა სწორედ ფინანსური სანქცია აიძულებს კვადრატული მეტრების კატეგორიით მოაზროვნე დამქირავებელს ბოლოსდაბოლოს დაიჯეროს, რომ იაფი მუშების შრომა ღირს და არა მათი სიცოცხლე.
ავტორები: მაია ლომიძე, იაგო გოგილაშვილი.