ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოკითხვები მცხეთის პოლიციაში გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა ის პირები დაკითხეს, ვინც შაქარაშვილთან ერთად 18 ივნისის ღამეს აგარაკზე, წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"საბურთალოს" აკადემიის წევრს, დაკარგულ გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფეხბურთელის კვალი არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან იკარგება. ხიდთან აღოჩენილია გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა და კუთვნილი ნივთები.
კონფლიქტი რა თქმა უნდა, მოხდა, კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, მაგრამ ეს ბავშვი სად წავიდა და როგორ წავიდა, არავინ იცის. ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა მეორე ჯგუფს, იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, - ამბობს ადვოკატი მზია ქასრაშვილი.
ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძეც ადასტურებს, რომ ჩხუბი მოხდა და ის პოსტშეკრებისეულ პერიოდს ეკუთვნის. მისი თქმით, საქმის ამოსავალი წერტილი არის ის მომენტი, როდესაც გიორგი მის მეგობარს დასცილდა. ბიძა ამბობს, რომ გიორგი არასდროს მოხვედრილა აქამდე მსგავს ექსტრემალურ ვითარებაში და იგი ვარაუდობს, რომ შაქარაშვილი შესაძლოა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და სადმე ჰქონდეს თავშესაფარი ნაპოვნი.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.