
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრის, გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია.
მისი თქმით, იმის გამო, რომ პაციენტი ცილოვან საკვებს არ იღებს, კუნთოვანი მასის დაკარგვაა დაწყებული, რაც მძიმე მაჩვენებელია.
"კუნთოვანი მასა დაახლოებით გაუნახევრდა იანვართან შედარებით, როდესაც პირველად ვნახეთ. მაშინ წონის კლების ძირითადი მიზეზი იყო ცხიმის კლება, მაშინ აქტიურ შიმშილში რომ იყო. ახლა უკვე რამდენიმე თვე რომ გავიდა და ცილას არ იღებს, ადამიანი უკვე კარგავს კუნთს, იმ საშენ მასალას, რითაც ორგანოები არის აშენებული. უკვე 8 კილო დაიკლო, აქედან ძირითადი არის კუნთოვანი მასა. ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. ასევე გამოხატული ჰქონდა ვიტამინების დეფიციტი, იქიდან გამომდინარე, რომ არ იღებს არც ვიტამინებს და არც ხორცის პროდუქტებს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და გამოხატული აქვს ზოგადი შიმშილისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, რაც არის სისუსტე, თავბრუსხვევა ადგომის დროს და ასე შემდეგ", - თქვა ექიმმა.
რაც შეეხება მკურნალობის გზებს, გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, თუმცა ციხის პირობებში ეს ვერ ხდება.
"მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადამიანს სჭირდება ახლა სრულფასოვანი კვება. სრულფასოვანი კვება რომ დაიწყოს, უნდა ჰქონდეს ამისთვის განწყობა. განწყობის მიღებისათვის ის პრობლემა ფსიქოლოგიური, რომელიც აქვს, უნდა მოიხსნას. ფსიქოლოგიური პრობლემის მოხსნის ორი გზა არსებობს: ფსიქოთერაპია და ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ან მედიკამენტოზური მკურნალობა.
სახეზეა ის, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა არა თუ შველის, არამედ ადამიანი უარესდება ამის ფონზე. ამიტომ იმედი გვრჩება პირველ ნაწილზე, რაც არის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას იმ პირობებში, რომელშიც არის, არ იღებს და ამბობს "იქ სადაც ეს დამემართა, ვერ ჩამიტარებენ ამ მკურნალობას". შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციად რჩება ის, რომ ადამიანს სჭირდება სწორი ფსიქორეაბილიტაცია, სად ჩატარდება, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია", - თქვა გრიგოლ ხურციძემ.
ამავე თემაზე: