კახელების ტრადიციული სადარდებელი ისევ რთველი და ყურძნის ფასია. გლეხები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში მათთვის შემოსავლის გარეშე დარჩენა კიდევ უფრო რეალური საფრთხე გახდა. მუკუზანში ახლა ყველა ვენახში მუშაობს, მაგრამ უკვე იციან, რომ მთავრობა მათი მოსავლის რეალიზებაზე წელსაც არ იზრუნებს. იციან რომ შხამ-ქიმიკატების შესაძენად, ისე როგორც გასულ წლებში, ახლაც ვალის აღება მოუწევთ. ამბობენ, რომ გაზრდილი ფასების პირობებში ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია.
ადგილობრივების მთავარი საზრუნავი ახლა ვენახის შესაწამლი შხამ-ქიმიკატებია. ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით საწამლავის ფასი თითქმის გაორმაგებულია. მოსავლის ჩაბარების შემდეგ მიღებული თანხა არათუ თავის სარჩენად, გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლადაც არ იქნება საკმარისი. დღეს კახელმა გლეხებმა ოპოზიციის წარმომადგენელთან ერთად შხამ-ქიმიკატების მაღაზიები შემოიარეს.
უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება 2020 წლის რთველის სუბსიდირებას მხოლოდ 60 მილიონი ლარით აპირებს, აქედან 20 მილიონი სამუშაოებს მოხმარდება, 40 კი მოსავლის ჩაბარებას. ეს მაშინ, როცა გლეხისთვის ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი 60-დან 90 თეთრამდე მერყეობს. ოპოზიცია ერთადერთ გამოსავალს ხედავს - ან სუბსიდირების თანხა უნდა გაიზარდოს ან ყურძნის ჩაბარების ფასი. სხვანაირად კახელ გლეხს კორონაპანდემიის ისედაც რთულ რეალობაში უსახსროდ დარჩენა ემუქრება.
გლეხები ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნას იზიარებენ. ამბობენ, რომ როცა რთველი მოდის, მათთვის პრობლემა მხოლოდ ყურძნის ფასი კი არა, ჩაბარებაცაა.
კახელებს ხელისუფლების იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც შეჰყურებენ ცაა; ამინდში მაინც გაუმართლებთ და გაწეული ხარჯის ნაწილს მაინც დაფარავენ. რას აპირებს ხელისუფლება მაშინ, როცა პანდემიის პირობებში ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრებულია, უცნობია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ.