იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა "სტაბილურია". ამასთან, ყველა იმ პირს აკრიტიკებს, ვინც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბრობს.
ექიმები ამბობენ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით არ სპეკულირებენ და იმ მონაცემებს აქვეყნებენ, რაც აქვთ.
"ჩვენ არაფრით არ ვსპეკულირებთ, ალბათ, ვიღაცები სპეკულირებენ და იმათ გულისხმობენ, ვინც მაგას წერენ. ჩვენს თავზე ნამდვილად ვერ მივიღებთ, ჩვენ ვამბობთ ობიექტურ რეალობას", - ამბობს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე.
ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ "ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" ითქმება ადამიანზე, რომელიც ინტენსიურ თერაპიას გადის, ან რეანიმაციაში იმყოფება.
"პენიტენციურის განცხადება უკვე მოიცავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ითქმება ადამიანზე, რომელიც ინტენსიურ თერაპიას გადის, ან რეანიმაციაში იმყოფება. რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, ეს ლაბორატორიული კვლევები საკმარისი არ არის. ჩვენ მიერ გაცემულია არაერთი ინსტრუმენტული გამოკვლევის რეკომენდაცია, რომელიც შესრულებული დღემდე არ არის. განცხადება გაუგებარია, თვითონვე აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან დასვენების დღეების გამო, უკვე მეორე დღეა არავინ შესულა. ხვალ 9 მასია, უქმე დღე, რაც ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში უცნობი იქნება როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამავე თემაზე: