„შენი სიჩუმე კლავს“ - ამ სახელწოდებით მდუმარე აქცია-პერფორმანსი იმართება თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, შემზარავი იყო 21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებრივი გულგრილობის შედეგია, ამასთანვე მათივე თქმით, ხელისუფლება ვერ ქმნის პოლიტიკას, რომელიც დაიცავს ქალთა უფლებებსა და მათ სიცოცხლეს.
"გამოდი საკუთარი სიცოცხლის დასაცავად", "ნუ დახუჭავ თვალს", " არ იყო თანამონაწილე" - ეს არის მთავარი გზავნილები აქციიდან. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად შავი სამოსი ეცვათ.
აქცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.