კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები გაიფიცნენ. ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა პარალიზებულია. გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მთავარი მოთხოვნებია: ხელფასების მატება, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნება.
"არ შევცვალეთ ხელშეკრულება, საათობრივზე უნდოდათ გადაეყვანათ ჩვენი ანაზღაურება. ჩვენ ფიქსირებული ხელფასი გვინდა შევინარჩუნოთ, ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია, მარტის შემდეგ ხელფასი არ ჩაგვერიცხა მათ, ვინც ხელი არ მოვაწერეთ ხელშეკრულებას, ხოლო მათ ვინც მოაწერა ხელი იმათ ჩაერიცხათ. ზეწოლები, შეტყობინებები, თუ ხელს არ მოაწერთ სამწუხაროდ ხელფასი არ დაგერიცხებათ უფროსისგან, ასეთი შეტყობინებები იყო და არ მოვაწერეთ ხელი და ამ სიტუაციამდეც მივედით. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ", - ამბობს ქარხნის თანამშრომელი.
აქციას შეუერთდა პროფკავშირებიც.
ცნობისთვის, 29 აპრილს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. მიზეზად ომი და მიმდინარე სანქციები დასახელდა. 5 მაისს "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.