რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციამ საქართველოს, ოკუპირებულ სევასტოპოლში ჩემპიონატის ჩატარება შესთავაზა - ჯაჭვლიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ქართული მკლავჭიდის უმძიმესი მდგომარეობითა და დისკვალიფიკაციით ისარგებლა და ქვეყანას ოკუპირებულ სევასტოპოლში არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა შესთავაზა - ამის შესახებ ცნობილი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანისა და ადვოკატ კახა კოჟორიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

კოჟორიძის თქმით, ჯაჭვლიანს რუსეთის მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი დაუკავშირდა:

შესთავაზა შემდეგი რამ, რადგან საქართველოს ნაკრებიც არის დისკვალიფიცირებული და რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებიც არიან დისკვალიფიცირებულები იმის გამო, რაც უკრაინაში ახლა ხდება, რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მიიღო შეთავაზება, რომ ერთად ჩაატარონ ჩემპიონატი სევასტოპოლში. სანაცვლოდ რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციისგან, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მიიღო სრული გარანტია, რომ სრულად დაფინანსდებოდა ყველანაირი ხარჯი და წარმატებულ სპორტსმენებს მნიშვნელოვან ჯილდოებსაც გადასცემდნენ", - თქვა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ. 

სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ფედერაცია სევასტოპოლში არ წავა - "ყველა დისკვალიფიცირებულია ჩათვალეთ, ყველა სპორტსმენი, სამუდამო დისკვალიფიკაცია აქვთ, ვინც იქ ჩავა", - ამბობს ჯაჭვლიანი. 

სოსო ჯაჭვლიანი სპორტის ამ სახეობის მძიმე მდგომარეობაში მინისტრ წულუკიანს ადანაშაულებს. ფედერაციამ ორ თვეზე მეტია რაც სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა მისი განხილვა არ დაწყებულა. სარჩელი რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს ეხება, რომელიც სამინისტროსგან ფედერაციამ და ქართულმა მკლავჭიდმა განიცადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი