1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადი ძვირდება. შპს“ თბილისი ენერჯის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და თავადაც იძულებულნი არიან მოქმედ სატარიფო სისტემას გადახედონ:
"ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით." ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, აქამდე „თბილისი ენერჯიმ“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2020 წლის 3-იანვრიდან გაზარდა. თუ მანამდე ერთ კუბურ-მეტრში ბიზნესი 0.86 ლარს იხდიდა, შემდეგ 1,10 ლარი გახდა. აღნიშნული ტარიფი ბიზნესისთვის 2022 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს.
ბუნებრივ აირის საფასური ეზრდებათ რეგიონებშიც. 2022 წლის 1-ლი ივლისიდან ბიზნესი გაზში უფრო მეტს გადაიხდის. შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 1,38 ლარი იქნება დღგ-ს ჩათვლით. განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.
„სოკარ ჯორჯია გაზმა“, "თელავი გაზმა" და „ინტერ გაზმა“ ტარიფი ბოლოს 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან გაზარდეს და დღემდე - 1მ3 გაზის ფასი ყველა ბიზნეს-აბონენტისთვის 1.15 ლარი იყო დღგ-ს ჩათვლით.