საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" დღეს მისმა უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან და ხელისუფლებას მოუწოდა, ამ კუთხით დაბრკოლებები არ შექმნან.
მანვე ხელისუფლებას შესთავაზა, კვლევის პროცესში მათაც ჩართო ექსპერტი ან ექსპერტები.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათაც გამოყონ ექსპერტი ან ექსპერტები, რომ მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეგვიქმნას დაბრკოლება ამ პროცესებში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, "ვივამედში" მესამე პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები შევიდნენ. ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და ფსიქიატრები გაეცნობიან ჩატარებული კვლევების, ანალიზების და მკურნალობის სქემას, რის შემდეგაც დამატებით გამოკვლევებს თავად დანიშნავენ.